ბათუმში, ცხელების ცენტრში მოთავსებულ 11 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ 11 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, ბათუმის ლაბორატორიიდან 11-ვე პირზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.
„ცხელების ცენტრში მუდმივ რეჟიმში შედიან მოქალაქეები როგორც საკარანტინო სივრციდან, ასევე თვითიზოლაციიდან. ასევე, მიდიან თვითდინებით და იმ პოლიკლინიკებიდან, რომლებიც არიან ჩართული ონლაინრეჟიმში და მათი გადაწყვეტილებით, ასეთი მოქალაქეები ინაცვლებენ ინფექციურ საავადმყოფოში. დღის განმავლობაში ასეთი თერთმეტი მოქალაქისგან იქნა აღებული ანალიზი, დასრულებულია კვლევა და ყველა მათგანი არის უარყოფითი“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ
მინისტრის განცხადებით, საეჭვო სიმპტომებით ინფექციურ საავადმყოფოში ამ წუთებშიც შედიან პაციენტები და ხდება ანალიზების აღება.
აჭარაში კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა ერთი მოქალაქე. კლინიკა „მედალფაში“ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი რჩება.