ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები საოლიმპიადო სამზადისს შეაფასებენ
ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები საოლიმპიადო სამზადისს შეაფასებენ

34 ქვეყნის 319 მოჭადრაკე ითამაშებს 16-დან 29 მარტის ჩათვლით ბათუმში დაგეგმილ ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე და მათ შორის 150-ზე მეტი 2600-ზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეა – ეს განცხადება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, გია გიორგაძემ დღეს რადიო პირველი არხის სპორტულ ტოკ-შოუ “ესტაფეტაში” სტუმრობისას განაცხადა და დასძინა, რომ ეს კონტინენტის პირველობა საჭადრაკო ოლიმპიადის წინ ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება.

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ბათუმში დამონტაჟდება ბილბორდები და ქალაქი იქნება საჭადრაკო ფერებით გაფორმებული.

კონტინენტის პირველობის დღეებში ბათუმში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები ჩამოვლენ და იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შეაფასებენ, რომელიც პრემიერის დავალებით, აჭარის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლების ყოველწამიერი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.