ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღდგომის ღამის ღვთისმსახურება მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება, სამრევლო ტაძრებში კი, სააღდგომო წირვა დილის 7 საათზე დაიწყება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სააღდგომო ღამის ღვთისმსახურება მონასტრებში მრევლის გარეშე გაიმართება. სამრევლო ტაძრებში კი, სააღდგომო წირვა დილის 07:00 საათზე დაიწყება.
დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, გამონაკლისი შემთხვევის შესახებ საპატრიარქოსთან შეთანხმება მოხდა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან აღდგომის ღამეს ტაძარი და ეზო მრევლს ვერ იტევს. მრევლი ტაძრის გარეთაც იყო შეკრებილი. ანალოგიურ სიტუაციაში შეუძლებელი იქნებოდა დისტანციისა და რეკომენდაციების დაცვა. სწორედ ამიტომ ეპარქიის გადაწყვეტილებით, ყველა სამრევლო ტაძარში ღვთისმსახურება დაიწყება დილის 7 საათზე, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით და არ დაიღვეს კანონი. ასევე შესაძლებელი იქნება დასწრება დისტანციისა და იმ რეკომენდაციების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული“, – განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
ასევე, ბათუმ-ლაზეთის ეპარქია მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან.
„ორშაბათს 12:00 საათზე გადავიხდით მიცვალებულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს. შეუძლიათ „ფეისბუქგვერდზე“ ან ტელეფონზე მოგვწერონ სახელები და მოვიხსენიებთ ლოცვებში,” – განაცხადა დეკანოზმა.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გუშინ განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ არ დაირღვეს კანონი და არ დაიხუროს ეკლესიები. მისი თქმით, ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩიქოვანმა განმარტა, რომ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან იქნება მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვას.
ამასთან, როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გუშინ განაცხადა, გადაწყდა, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოსა და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.