ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი - მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს
ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა, ზურა ბერიძემ ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.
როგორც ბერიძე ამბობს, სამართალდამცველებს ის არ დაუკითხავთ.
ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.