ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას.
პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. საკურორტო ზონაში მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ეკოლოგიური მდგომარეობა.
პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარი, სამშენებლო სამუშაოების ვადა კი 2018-2020 წლებია.