ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ამ ეტაპზე, მიწის სამუშაოები, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა, ხიდებისა და გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, ოთხი სატრანსპორტო კვანძი, ხუთი გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ამჟამად, არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში გადის, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას.
პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2018-2020 წლებია.