ბათუმის საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეასა და კონფერენციას მასპინძლობს
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU) 22-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეას (AGA) და კონფერენციას მასპინძლობს. ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება.
IAMU მსოფლიოში 36 ქვეყნის 68 უმაღლეს სასწავლებელს აერთიანებს. მისი საპატიო წევრები არიან მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტი (WMU) და ნიპონის ფონდი.
ყოველწლიური გენერალური ასამბლეა (AGA) აერთიანებს კონფერენციაში მონაწილე საზღვაო უნივერსიტეტების ექსპერტებსა და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს, რათა განიხილონ საზღვაო სფეროს მიღწევები და დასახონ სამომავლო ტენდენციები საზღვაო განათლების, მეზღვაურთა გადამზადებისა და კვლევით სფეროში.
წელს ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება. მოწვეულნი არიან ორგანიზაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, ასევე საზღვაო აკადემიის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას დაგეგმილი აქვს თემატური სემინარები აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის – საზღვაო განათლებისა და წვრთნაში (MET) ინოვაციების წახალისება, საზღვაო უსაფრთხოება და საზღვაო გარემოს დაცვა, ქალების როლის გაძლიერება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება სტუდენტური კონფერენცია IAMUS 2022, რომელშიც ჩატარდება ფოთის საზღვაო სასწავლო საწვრთნელ ცენტრში.
საერთაშორისო ფორუმი სამდღიანია და 21 ოქტომბერს დაიხურება.