ბათუმის საქალაქო სასამართლო რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელს განიხილავს
ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელს ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე. სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ რამაზ ჯინჭარაძემ ამომრჩეველი მოისყიდა.
„ეს არის ზუსტად ამომრჩევლის მოსყიდვა. 1 053 კაცი დარეგისტრირდა ოლქის ტერიტორიაზე, საეჭვო ზრდასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოქალაქეებს ბინებს და გარკვეულ თანხას დაჰპირდნენ. ამასთან, ჯინჭარაძე კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგაც მუშაობდა სამთავრობო კომისიაში, რომელიც თვითნებურად შესახლებულებისთვის ბინების გადაცემის საკითხებს არეგულირებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მირდატ ქამადაძემ.
მოპასუხე მხარედ სასამართლოზე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი, ზვიად სურმანიძე იმყოფება. სურმანიძის განცხადებით, ამომრჩევლის ზრდა გასაკვირი არ არის, თუმცა მოსარჩეელეების მიერ დასახელებული ციფრი გადაჭარბებულია.
„ჩვენ გადავამოწმეთ სიები, ამომრჩევლის ზრდა ბუნებრივია, ფიქსირდება და ეს არც არის გასაკვირი მზარდ ქალაქში, მაგრამ რაოდენობა გაზრდილია არა 1 053 ამომრჩევლით, არამედ დაახლოებით 400 ამომრჩევლით“, – განაცხადა ზვიად სურმანიძემ.
სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრება მესამე მხარე, „ქართული ოცნების“ იურისტი ნათია ბოკუჩავა.