ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი საჩივრების უმრავლესობა უსაფუძვლო იყო
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი შეადგინა. ოქმს ხელი არ მოაწერა კომისიის ორმა წევრმა, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა. მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შემაჯამებელ ოქმში აისახა რეალური შედეგი, ოპოზიციის წარმომადგენელთა ბრალდებები კი უსაფუძვლოა.
„რიცხვები, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ასახელებენ, არის მხოლოდ და მხოლოდ მათი ვარაუდი. აპელირებდნენ საჩივრების რაოდენობაზე. მართლაც შემოვიდა 115 საჩივარი, მაგრამ ფაქტობრივად ეს იყო საჩივრები სტატისტიკური სურათისთვის, რადგან აბსოლუტური უმრავლესობა იყო იმდენად უსაფუძვლო, რომ მათი განხილვაც არ მომხდარა“, – აცხადებს საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი ზვიად სურმანიძე.