ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ განახლებულ სიებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ აქვთ
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ განახლებულ სიებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ აქვთ

ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ განცხადებას ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია გამოეხმაურა.

კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განცხადებით, იგი ჯერ არ ფლობს ინფორმაციას განახლებული სიების თაობაზე, თუმცა რეგისტრაციის შემთხვევაში, რასაც კანონი არ არეგულირებს და არ კრძალავს, ოლქი ვალდებულია პირები ამომრჩეველთა სიაში შეიყვანოს.

„განახლებულ სიებთან დაკავშირებით ახალ მონაცემებს არ ვფლობ. მხოლოდ ის შემიძლია, გითხრათ, რომ თუ უბანზე მოხდა ცვლილება, რასაც კანონი არ კრძალავს, ჩვენ ვერ წავართმევთ ასეთ ამომრჩეველს მის კონსტიტუციურ უფლებას“, – განაცხადა ციალა შავაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა.