„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს

11:33, 28.03.2022

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ ბათუმში, ორი აპრილისთვის დაგეგმილი საკრებულოს შუალედური არჩევნების წინ ამომრჩეველთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმის მეოთხე საარჩევნო ოლქში 1 053 ახალი ამომრჩეველი პირველიდან 16 მარტამდე დარეგისტრირდა.

„ეს არის ყაჩაღობა, სხვა სახელს ვერ დავარქმევთ. არჩევნების წინ 1 053 ამომრჩეველი დაარეგისტრირეს. ამ ამომრჩეველს კი მონაწილეობა აქვთ მიღებული ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, წალკის, ლანჩხუთის საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი არჩევნების დროს და ახლა უცებ ამდენი ადამიანი ერთბაშად გადასახლდა, მათ შორის 400-ზე მეტი ამომრჩეველი ერთსა და იმავე მისამართზე, აღმაშენებლის 188 ნომრის მიმდებარედ დარეგისტრირდა. რა თქმა უნდა, ეს არის საარჩევნო ყაჩაღობა“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ რეაგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს. კირთაძის განცხადებით, თუ საარჩევნო სიები არ დაუბრუნდება გასული წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მონაცემებს, მაშინ ოპოზიცია არ გამორიცხავს რადიკალურ ქმედებებს, მათ შორის ბოიკოტს. კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ხვალ გააკეთებს.

მსგავსი