ბათუმში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო.
სიტყვიერი დაპირისპირება მერიის ინიციატივის დამტკიცებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ბათუმში ახალი აიპი [არასამეწარმეო იურიდიული პირი] მუნიციპალური ინსპექცია იქმნება.
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში უნდა გაერთიანდეს მერიის ის რვა სამსახური, რომლებიც დღემდე საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებდნენ სამშენებლო, სანიტარული, გარე ვაჭრობის, პარკირების და სხვა მიმართულებით.
ყველა საზედამხედველო ფუნქციას ერთი აიპი შეითავსებს. სამსახური აღიჭურვება სპეციალური ფორმებით, პლანშეტებით, ბრენდირებული ავტომანქანებითა და სხვა საჭირო ტექნიკით.
მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ნუკრი დეკანაძე ამბობს, რომ ახალი აიპი გაცილებით ეფექტურად განახორციელებს საზედამხედველო ფუნქციებს, იგი შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ მერიის ძველი სამსახურების თანამშრომლებით დაკომპლექტდება და ვაკანსიები კონკურსის წესით შეივსება. ახალ აიპში დაახლოებით 180 ადამიანი დასაქმდება.
„აგვიხსნან, თუ ძველი თანამშრომლები იყვნენ არაკვალიფიციურები, აქამდე რატომ გააჩერეს, თუ კარგად ასრულებდნენ მოვალეობას, მაშინ რატომ არის საჭირო ახალი სამსახური და დამატებითი თანხები ბიუჯეტიდან, რაზეც პასუხი ვერ მივიღე, რამდენი დაიხარჯება. ანუ წინასაარჩევნოდ ახალი სამსახური იქმნება „ოცნების“ აქტივისტების დასასაქმებლად”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.
საკრებულოს უმრავლესობა კი ოპოზიციას დემაგოგიაში ადანაშაულებს.
„სულ წინასაარჩევნო პერიოდი აკერიათ პირზე, არის თუ არა ეს დრო. ქალაქში ამათ რომ ყური ვუგდოთ, აღარაფერი უნდა გაკეთდეს”, – ამბობს საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძე.
ბათუმის საკრებულომ მერიის ინიციატივა ბოლოს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.