ბათუმის საკრებულოს დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
ბათუმის საკრებულოში დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ერთმანეთს სხდომაზე განცხადებების შემდეგ დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციური პარტიის წევრმა, მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ მერიის აიპებ-ისა და შპს-ებისგან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან, არაერთი გამოთხოვის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციას ვერ იღებენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართეს და დაინტერესდნენ, გაუგზავნა თუ არა მერს წერილი იმის შესახებ, რომ საკრებულოს წევრები მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაციებიდან იქ დასაქმებული პირების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ.
ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია ვარაუდობს, რომ „ბათუმის წყალში“, „სანდასუფთავებასა” და სხვა აიპებ-ში ნეპოტიზმია, აღნიშნულ სამსახურებში ხელმძღვანელი პირების ნათესავები არიან დასაქმებული და სწორედ ამიტომ არ აწვდიან თანამშრომლების სიას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „ქართული ოცნების“ წევრმა, ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, ნატალია ზოიძემ უპასუხა. მისი თქმით, სია ელექტრონულად გადაცემულია, თუმცა ოპოზიცია პერსონალურ ინფორმაციას ითხოვდა, რისი გაცემაც დაუშვებელია. ფაქტის დასამტკიცებლად ნატალია ზოიძემ საკრებულოს წევრებს აჩვენა სია, რაც ოპოზიციას მერიიდან გადაუგზავნეს, რასაც ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციის წევრები მმართველი პარტიიდან კოლეგას სიის გადაცემას სთხოვდნენ, მაგრამ მაგრამ ნატალია ზოიძემ მათ სია არ მიაწოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, სიას სწორედ ამ ფორმით ითხოვდნენ, რომელიც მათივე განცხადებით, მმართველი პარტიის წევრს გადასცეს, მაგრამ ოპოზიციას არა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რომელშიც რამდენიმე დეპუტატი იყო ჩართული.