ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც დღეს კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩება ოთხი პაციენტი. რეანიმაციაში კი, 24 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის მენეჯერ გია კიკაბიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 სექტემბერს შეიყვანა და მას აღენიშნებოდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა კიკაბიძემ.

რაც შეეხება დღეს კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე მოქალაქეს, ის კლინიკაში გუშინ კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ექიმის თქმით, მას აღენიშნებოდა პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, კომა.

ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 174 პაციენტი მკურნალობს, 15-ის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან.