ბათუმის პორტის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ექვსი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს
ბათუმის პორტის თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს, თუმცა გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნით ექვსი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პორტის ადმინისტრაციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრა.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თენგიზ სურმანიძემ განაცხადა, რომ ასტანადან ჩამოსულ დელეგაციას მოთხოვნებს გააცნობენ.
„ძალიან გთხოვთ, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, ექვსი კაცი გავაგრძელებთ შიმშილობას, დანარჩენები კი სამუშაოზე უნდა გახვიდეთ. ამ ეტაპზე ასე სჯობს, რომ არ დაზარალდეს საერთო საქმე. ასტანიდან ჩამოვა დელეგაცია და გავაცნობთ მოთხოვნებს. პორტის ადმინისტრაცია დაგვეხმარება, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებამაც უმტკივნეულოდ ჩაიაროს. ამიტომ ყველა უბრუნდება სამუშაოს ამ ექვსი კაცის გარდა“, – მიმართა თანამშრომლებს თენგიზ სურმანიძემ.
პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.
გუშინ ბათუმის პორტის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა, გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, მცირე ზომის მცურავი საშუალებებით გარკვეული ტერიტორია ჩახერგეს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ბლოკირებას გულისხმობს.
მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.