შსს - ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა მცურავი საშუალებებით ტერიტორია ჩახერგეს
შსს - ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა მცურავი საშუალებებით ტერიტორია ჩახერგეს

ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან სამართალდამცველები ადმინისტრაციის გამოძახების საფუძველზე მივიდნენ, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-დან აცნობეს.

უწყების ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა, გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, მცირე ზომის მცურავი საშუალებებით გარკვეული ტერიტორია ჩახერგეს.

მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ბლოკირებას გულისხმობს.

ბათუმის პორტის შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.