ბათუმის პორტის გაფიცულ თანამშრომლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა
ბათუმის პორტის გაფიცულ თანამშრომლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

ბათუმის პორტის გაფიცულ თანამშრომლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე შეხვდა. ათამდე ადამიანი მესამე დღეა შიმშილობს. ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ აჭარის ხელისუფლების მხრიდან ნაკლები ჩართულობის გამო და გუშინ დაწყებული გამოძიების შეწყვეტას ითხოვენ.

პორტის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ სამართლებრივი დევნა 11 ადამიანს შეეხო.

გუშინ ბათუმის პორტის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული.

შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა, გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, მცირე ზომის მცურავი საშუალებებით გარკვეული ტერიტორია ჩახერგეს.

მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ბლოკირებას გულისხმობს.

პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.