ბათუმის პორტის 10-მდე თანამშრომელი შიმშილობას აგრძელებს
ბათუმის პორტის 10-მდე თანამშრომელი შიმშილობას აგრძელებს

სამართალდამცველებმა ბათუმის პორტის ტერიტორია უკვე დატოვეს. ადგილზე რჩებიან პორტის გაფიცული თანამშრომლები. ადმინისტრაციული შენობის ფოიეში კი 10-მდე თანამშრომელი შიმშილობას ისევ განაგრძობს. ისინი შენობაში მეორე ღამეს გაათევენ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა რეორგანიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა, თანამშრომლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვენ.

„ჩვენ არ გვჯერა მაგ კაცის, ადრე ამბობდა რეორგანიზაცია არ იგეგმებაო, ახლა აღიარა და ამბობს შევაჩერეთო, ხვალ რას იტყვის, ვინ იცის, ამიტომ სანამ ეგ არ გადადგება, აქციას არ შევწყვეტთ“, – განაცხადა პირველ არხთან ერთ-ერთმა მოშიმშილემ.

პორტში კრიმინალური პოლიცია დღეს, საღამოს ადმინისტრაციამ გამოიძახა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ პორტის თანამშრომლებმა გემი განგებ ჩახერგეს და გასვლის საშუალება არ მისცეს.

ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ბლოკირებას გულისხმობს.

აქციის ორგანიზატორები კი ამტკიცებენ, რომ პორტი გაფიცვის გამოა პარალიზებული, ყველა თანამშრომელი სოლიდარულია და გემი არა დივერსიის, არამედ საყოველთაო გაფიცვის მიზეზით ვერ გადის პორტიდან.