ბათუმის მერიამ ჩაქვისთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდების დაღუპვის გამო, საზეიმო ღონისძიებები გააუქმა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
აქედან გამომდინარე, დღეს ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აღარ აინთება. ასევე არ ჩატარდება კონცერტი და სხვა აქტივობები. წინასაახალწლო ღონისძიებების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
ბათუმის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო, ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გადაიდო ქობულეთშიც.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჩაქვისთავში, მტირალას ეროვნულ პარკში რამდენიმე საათის წინ მოხდა. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად ხუთი ახალგაზრდა დაიღუპა, რომელთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს.