ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“, სადაც დღეს კოვიდინფიცირებული ორი პირი მოათავსეს, აცხადებენ, რომ პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია და მათ კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ, პნევმონია არ დაუდასტურდათ.
კლინიკის დირექტორი ინგა ხოზრევანიძე ამბობს, რომ ორივე იმპორტირებული შემთხვევაა და ინფიცირებულებს სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.
„ერთი 46 წლისაა, მეორე 58-ის, პირველი მამაკაცი დღეს პირველის ნახევარზე, მეორე კი 4-ის ნახევარზე შემოიყვანეს. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი. ორივე მძღოლია, საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი ცხელების ცენტრებში პირდაპირ საზღვრიდან მოათავსეს, „პისიარ“ ტესტების შემდეგ კი ჩვენთან“, – განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ.
კლინიკა „მედალფა“ პირველ ივლისამდე რჩება როგორც კოვიდცენტრი, შემდეგ სამედიცინო დაწესებულება ჩვეულებრივ რეჟიმში აპირებდა მუშაობის გაგრძელებას. ახალი პაციენტების მიღების შემდეგ, კლინიკის მენეჯმენტისთვის ჯერ უცნობია, რა სტატუსით გააგრძელებენ მუშაობას.
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა.