ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მოზარდებს შორის ინციდენტი სკოლაში არ მომხდარა და გამოძიების შედეგებს ელოდებიან
ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებმაც სავარაუდოდ თანატოლზე იძალადეს ამბობს, რომ შემთხვევა სკოლაში არ მომხდარა. დირექტორის თქმით, ელოდებიან გამოძიების შედეგებს.
„შემთხვევა არ მომხდარა სკოლაში და არც გაკვეთილების პერიოდში. როგორც კი გავიგეთ აღნიშნულის შესახებ, მაშინვე მოვიწვიეთ მშობლები, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ამის შესახებ უკვე პოლიციისგან იცოდნენ. დაკითხულია ყველა და შესაბამისად, გამოძიების შედეგებს ველოდებით“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
ბათუმში მოზარდებს შორის შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარის მუხლით დაიწყო.
ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების მხრიდან სავარაუდო ძალადობა განხორციელდა სხვა სკოლის მოსწავლის მიმართ. ძალადობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.