ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის დელფინარიუმი ავრცელებს.
„ეჭვი, ციცისა და ფლიპერის „საინტერესო მდგომარეობის“ შესახებ, დელფინარიუმის სპეციალისტებს ჯერ კიდევ 11 თვის წინ გაუჩნდათ. მათ წონაში მატება დაიწყეს. მოგვიანებით ვარაუდი გეგმიურმა ექოსკოპიამაც დაადასტურა“, – წერია ბათუმის დელფინარიუმის ვებგვერდზე.
ბათუმის დელფინარიუმი ორი დელფინის დაბადების ვიდეოსაც ავრცელებს.
„ჩვეულებისამებრ პატარა იბადება კუდით წინ, რაც მათ სხვა ძუძუმწოვართაგან განასხვავებს. კადრებზე ჩანს, დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. ამის შემდეგ კი, პატარა დედის მეთვალყურეობის ქვეშ, აუზში ცურვას იწყებს. პერიოდულად ჰაერის მორიგი ჩასუნთქვისთვის წყლის ზედაპირზე ამოდიან. დაბადებიდან რამდენიმე წუთში დედა დელფინმა შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდება“, – აცხადებენ ბათუმის დელფინარიუმში.
მათივე ცნობით, ახალშობილი დელფინებისთვის სახელები კონკურსის წესით შეირჩევა. სახელების შესარჩევ კონკურსს დელფინარიუმი მათი სქესის დადგენის შემდეგ გამოაცხადებს. ნებისმიერ მსურველს შეეძლება საკუთარი ვერსიის გამოგზავნა ვებ-გვერდზე www.dolphinarium.ge. გამარჯვებულები „ბათუმობის“ დღესასწაულზე გამოვლინდებიან.