ბათუმის ბულვარში დაჭრილ ახალგაზრდას ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის ბულვარში დაჭრილ 17 წლის ბიჭს კლინიკა „მედცენტრში“ ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარეს. როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დეტალურ ინფორმაციას კლინიკა დილით გაავრცელებს.
სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ახალგაზრდას ჭრილობა მუცლის ღრუში სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.
შემთხვევის შესახებ ყვებიან ბულვარის ერთ-ერთი კაფეს თანამშრომლები.
„აქ სულ ხმაურია, ახალგაზრდების თავშეყრა, მაგრამ ყურადღება მიიქცია ახალგაზრდამ, ის შველას ითხოვდა. რომ მივედით, მუცელზე ხელი ჰქონდა მიჭერილი, სასწრაფო ჩვენ გამოვიძახეთ. სავარაუდოდ შემთხვევა სხვაგან მოხდა და ახალგაზრდა აქამდე თავისი ფეხით მოვიდა. ხალხი ბევრი იყო“, – ამბობს კაფეს ერთ-ერთი თანამშრომელი.
შემთხვევა ბათუმში საღამოს საათებში მოხდა.