ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტს და მდინარე ჭოროხზე ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს
ბათუმის ბულვარის გაგრძელების პროექტს და მდინარე ჭოროხზე ახალი ბულვარის გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
ბათუმში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ჭოროხის ხიდის მშენებლობისთვის განსაზღვრული ტერიტორია და ახალ ბულვარში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები აჭარის ფინანსთა მინისტრმა, აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„დავიწყეთ უკვე მუშაობა ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის დეტალებზე. ძალიან მალე ეს დოკუმენტი შემუშავდება. შემდეგი ნაბიჯი იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელშეკრულების გაფორმება და კონკრეტულად გვეცოდინება თანხის მოცულობა და ის, თუ როდის დაიწყება კონკრეტულად ხიდის მშენებლობა“,-განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.
დღეისთვის აზიის განვითარების ბანკი საქართველოში სხვადასხვა პროექტს 1,9 მილიარდი დოლარით აფინანსებს.