ბათუმის 90-ე უბანზე, ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების ლაქების გამო ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ, მარკირება არ აღმოაჩნდა
ბათუმის 90-ე უბანზე, ამომრჩეველს, რომელსაც ხელზე მარკირების ლაქების გამო ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ, მარკირება არ აღმოაჩნდა.
თამაზ ფარტენაძის საარჩევნო ხმის მისაცემად უბანზე კიდევ ერთხელ გამოცხადებამ ხმაური გამოიწვია. მას საარჩევნო უბანზე მარკირების ლაქების გამო არ უშვებდნენ, თუმცა ტელეკამერების თანდასწრებით, მამაკაცს ხელზე ულტრაიისფერი სხივის დანათების დროს მარკირება აღარ აღმოაჩნდა. ფარტენაძე ლაქებს ციტრუსს უკავშირებს, რომელიც დღეს მიირთვა.
„მე მანდარინს ვუკავშირებ ლაქებს, საარჩევნო უბანზე არ ვყოფილვარ, რა ვიცი. ხელებზე მქონდა თეთრი წინწკლები. წავედი, ორჯერ ხელი დავიბანე და აღარ აჩვენა, მესამე მცდელობაზე ხმის მიცემის საშუალება მომცეს“, – განაცხადა თამაზ ფარტენაძემ.
ამომრჩევლის საარჩევნო კენჭისყრაში მონაწილეობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო უბანზე 79-ე ოლქის „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი. დავით გეგიაძე მიიჩნევს, რომ მოქალაქემ მარკირება მისთვის გაურკვეველი მეთოდით ხელიდან მოიშორა.
„ვამტკიცებ, რომ მარკირება ჰქონდა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომისიამ ხმის მიცემის უფლება არ მისცა, მაგრამ წავიდა ნახევარი საათის შემდეგ და რაღაცით მოიშორა. მე ვარ ოლქიდან და თურმე შესაძლებელი ყოფილა მარკირების მოშორება, ეს მითი დაინგრა. მანდარინს გამოვრიცხავ, რადგან შეშხურებული ლაქები ჰქონდა, მანდარინი ასე არ ტოვებს ლაქებს“, – დავუთ გეგიაძემ.
საარჩევნო უბანზე ინციდენტის გამო, რამდენიმე წუთით სხვა ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცედურა შეფერხებული იყო.