ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის დაპირისპირება მოხდა
ხმაურია ბათუმის 29-ე საარჩევნო უბანზე. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მომხრეები დაუპირისპირდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის კოორდინატორებს სიები წაართვეს.
„იყვნენ ვიღაც ქალები, დადიოდნენ სიებით. ერთმა მოქალაქემ სიები წაართვა. ეს სიები ჩვენთან არის, როგორც მტკიცებულება და მალე გაჩვენებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გია ხალვაშმა.
ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების“ წევრები უმაღლესი საბჭოდან. ისინი სიების დაბრუნებას ითხოვენ.
„არაფერი კანონგარეშე არ ხდება. ჩვენი მხარდამჭერების სიებია. დაგვიბრუნონ სიები. გამოვიძახებთ პოლიციას, რათა დავიბრუნოთ სიები. ეს ჩვენი საკუთრებაა. გაჩვენებთ, რომ არანაირი კანონდარღვევა არ ხდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლადო მგალობლიშვილმა.
ადგილზე სამართალდამცველებს ელოდებიან.