გერმანიის ბუნდესლიგაში 21-ე ტური აუთსაიდერ “კიოლნსა” და “დორტმუნდს” შორის მატჩით გაიხსნა. დორტმუნდელები პირველ მატჩს ატარებდნენ “არსენალში” წასული პიერ-ემერიკ ობამეიანგის გარეშე. მის ნაცვლად, “დორტმუნდმა” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ჩელსიდან” იჯარით აიყვანა ბელგიელი ფორვარდი მიში ბატშუაი და ამ გარიგებამ პირველივე მატჩში გაამართლა.
ბატშუაიმ სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა – მან ორჯერ წინ გაიყვანა “დორტმუნდი”, მაგრამ “კიოლნმა” ორივეჯერ გაათანაბრა.
და მაინც, ანდრე შიურლეს მიერ 84-ე წუთზე გატანილი გოლით, დორტმუნდელებმა 3:2 მოიგეს და შეწყვიტეს სამმატჩიანი მოუგებელი სერია. ისინი ქულებით გაუთანაბრდნენ “შალკესა” და “ლევერკუზენს” და მათთან მეორე ადგილს იყოფს. “ბაიერნთან” ჩამორჩენა 16 ქულას შეადგენს.