ბუნდესლიგა - ბატშუაის დუბლით დორტმუნდი მესამე ადგილზე დაბრუნდა
ბუნდესლიგა - ბატშუაის დუბლით დორტმუნდი მესამე ადგილზე დაბრუნდა

გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტური ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი ორი უშუალო კონკურენტის მატჩით დასრულდა. “დორტმუნდი” მართალია, დიდი ხანია არ აგებს ბუნდესლიგაში, მაგრამ გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ ორი ფრე ითამაშა, ევროპის ლიგაზე კი შინ წააგო “ზალცბურგთან“. დორტმუნდელები საკუთარ მოედანზე ხვდებოდნენ “აინტრახტს“, რომლისთვისაც ბოლო 10 საშინაო მატჩიდან რვა ჰქონდათ მოგებული.

მაგრამ, დღევანდელი “აინტრახტი” წინა წლებისას არ ჰგავს. ნიკო კოვაჩმა შესანიშნავი გუნდი შეკრა, რომელიც ბევრს ვერ იტანს, მაგრამ ძალიან ცოტას უშვებს – 27 გოლი მეორე მაჩვენებელია “ბაიერნის” შემდეგ.

თუმცა, ამჯერად, მატჩი “აინტრახტის” მონაწილეობით უხვგოლიანი აღმოჩნდა. “დორტმუნდი” მე-12 წუთიდან მინიმალური ანგარიშით იგებდა – 1:0, მთავარი მოვლენები კი ბოლო 15 წუთში განვითარდა, როცა მაყურებელმა ოთხი გოლი იხილა. “აინტრახტმა” ორჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა 94-ე წუთზე მაინც გამოგლიჯეს მოგება მეტოქეს (3:2) და დაიბრუნეს ცხრილში მესამე ადგილი.

მატჩის გმირი მიში ბატშუაი გამოდგა, რომელიც “ჩელსიდან” “დორტმუნდში” გადასვლის შემდეგ, პირველად ვერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. ბელგიელმა, რომელიც ზედიზედ ხუთი მატჩია ვერ იტანდა, დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე ახალ კლუბში 7 გოლი მოდის.