მარკო როსი – საქართველოს ნაკრებს არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რთული თამაში გველის #1TVSPORT
უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ და შჩეცინის „პოგონის“ ცენტრალურმა მცველმა, ატილა შალაიმ პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მე-5 ტურის მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
მარკო როსი – „საქართველოს ნაკრებისგან ტაქტიკურად მოქნილ თამაშს ველოდებით. კვარაცხელიას შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, საქართველოს ნაკრებს შეუძლია განსხვავებული ტაქტიკისა და გეგმის შემოთავაზება, ამიტომ რთულ თამაშს ველოდებით.
სასურველი შედეგის მისაღწევად თითოეული მოთამაშისგან პროფესიონალური მიდგომაა საჭირო. ამ შეკრებაზე მხოლოდ ორი ვარჯიში მოვასწარით, უკვე ტრადიციად გვექცა, რომ გასვლითი თამაშის მიუხედავად, მატჩის წინ ერთ ვარჯიშს უნგრეთში ვატარებთ.
როცა კვარაცხელიას დონის ფეხბურთელს უპირისპირდები, განსაკუთრებული რამ უნდა მოიფიქრო. მე, როგორც იტალიელი და „ნაპოლის“ გულშემატკივარი, კვარაცხელიას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
საქართველოსთან პირველ თამაშში ჩვენი ძირითადი დავალება შევასრულეთ, სამი ქულა მოვიპოვეთ, თბილისში ყველანაირი სცენარისთვის მზად ვიქნებით. წინა შეკრების შემდეგ სამი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა, სხვებიც ჯანმრთელად არიან. ჩვენ ორი ძალიან ძლიერი მარჯვენა მცველი გვყავს. ჯერ საბოლოო არჩევანი არ გამიკეთებია, თუმცა მათი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ვინც არ უნდა ითამაშოს ამ პოზიციაზე, თავს კარგად წარმოაჩენს“.
ატილა შალაი – „კვარაცხელიას გარდა, საქართველოს ნაკრებს არაერთი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. დიდი იმედი გვაქვს, რომ მიზანდასახული თამაშით სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენი მთავარი მიზანი A ლიგაში გადასვლაა და, ცხადია, მოედანზე მოსაგებად გავალთ“.