ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში თორნიკე შენგელიას „ბასკონიასა“ და „ბარსელონას“ შორის ნახევარფინალური სერია გაგრძელდა. სერიის მესამე შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა. მანამდე, „ბასკონიამ“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
მესამე მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ლიდერი 14-ჯერ შეიცვალა და არც ერთი გუნდი არ გასულა წინ 5 ქულაზე მეტით. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა „ბასკონია“ 65:64 დაწინაურდა, მაგრამ „ბარსელონამ“ სამი უპასუხო ქულა აიღო და 67:65 მოიგო.
სერია ანგარიში 2:1 გახდა „ბასკონიას“ სასარგებლოდ. მეოთხე მატჩიც ბარსელონაში გაიმართება.
თორნიკე შენგელია თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 11 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დაუმატა. ქართველმა მოედანზე 23 წუთი და 6 წამი დაჰყო.