„ბასკონიას“ შენგელიას 11-მა ქულამ ვერ უშველა
„ბასკონიას“ შენგელიას 11-მა ქულამ ვერ უშველა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფში თორნიკე შენგელიას „ბასკონიასა“ და „ბარსელონას“ შორის ნახევარფინალური სერია გაგრძელდა. სერიის მესამე შეხვედრა ბარსელონაში გაიმართა. მანამდე, „ბასკონიამ“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
მესამე მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. ლიდერი 14-ჯერ შეიცვალა და არც ერთი გუნდი არ გასულა წინ 5 ქულაზე მეტით. ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა „ბასკონია“ 65:64 დაწინაურდა, მაგრამ „ბარსელონამ“ სამი უპასუხო ქულა აიღო და 67:65 მოიგო.
სერია ანგარიში 2:1 გახდა „ბასკონიას“ სასარგებლოდ. მეოთხე მატჩიც ბარსელონაში გაიმართება.
თორნიკე შენგელია თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო. მან 11 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი დაუმატა. ქართველმა მოედანზე 23 წუთი და 6 წამი დაჰყო.