ერთეულთა თანრიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის წყვილთა თანრიგში ჩაება. ქართველს ახალი პარტნიორი ჰყავს ავსტრალიელი ჯონ მილმენის სახით და ამ ახლად შექმნილმა დუეტმა ნამდვილი სასწაული მოახდინა პირველი წრის შეხვედრაში 22 წლის ფრანგების – ფლორიან ლაკატისა და არტურ რინდერკნეხის წინააღმდეგ.
სეტების გაცვლის შემდეგ, მესამე გადამწყვეტი პარტია ფრანგების უპირატესობით მიმდინარეობდა. ისინი ბრეიკით დაწინაურდნენ და თითქმის მიიყვანეს საქმე მოგებამდე, მაგრამ ბასილაშვილმა და მილმენმა ოთხი მატჩბოლის მოგერიება შეძლეს, 3:5-დან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღეს და ორი საათის შემდეგ, 6:3, 3:6, 7:5 მოიგეს.
1/16 ფინალში ბასილაშვილი და მილმენი მერვე ნომრად განთესილ დუეტს შეხვდებიან ხორვატი ნიკოლა მეკტიჩისა და ავსტრიელი ალექსანდერ პეიას შემადგენლობით.