„ბასიანი 2023“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა
„ბასიანი 2023“-ის ფარგლებში საველე სწავლება გაიმართა

სამეთაურო საშტაბო სწავლება „ბასიანი 2023“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებითა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„წვრთნებში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე კომპონენტსაც მოიცავდა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებსა და შს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლების მიზნის, ამოცანებისა და ძალთა სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ამოცანაზე ორიენტირებულ საველე კომპონენტში პირველი ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფს საცეცხლე მხარდაჭერას მე-5 საარტილერიო ბრიგადის ბატალიონი უწევდა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ოპერაციების ერთობლივ დაგეგმვას, თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისას კოორდინირებულ მოქმედებებსა და ოპერაციების მართვის პროცესში მართვისა და კონტროლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის ინტეგრირებას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.