31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა
31-ე ქვეითმა ბატალიონმა მასშტაბური საველე სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტოს ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, განხორციელდა რეიდი, მოხდა პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნება და მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის შენარჩუნება.

მათივე ინფორმაციით, სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.

„ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 31-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.

სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 31-ე ქვეითი ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს.

GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციაში.