ბართინის პროვინციის გუბერნატორი - შავ ზღვაში ჩაძირული გემი არა რუსეთის, არამედ პალაუს დროშის ქვეშ მიცურავდა
ბართინის პროვინციის გუბერნატორი - შავ ზღვაში ჩაძირული გემი არა რუსეთის, არამედ პალაუს დროშის ქვეშ მიცურავდა

თურქეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის ეკიპაჟის ექვსი წევრი გადარჩენილია, მაშველებმა სამი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს, – შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

შემთხვევა ბართინის პროვინციაში, ინკუმუს რაიონის სანაპიროსთან მოხდა. პროვინციის გუბერნატორის ცნობით, ეკიპაჟი 12 წევრისგან შედგებოდა, რომელთაგან ორი რუსეთის, ხოლო ათი უკრაინის მოქალაქეა.

ბართინის პროვინციის გუბერნატორის განახლებული ინფორმაციით, გემი არა რუსეთის, არამედ პალაუს დროშის ქვეშ მიცურავდა, რომელსაც ტვირთი საქართველოდან ბულგარეთში გადაჰქონდა.

უამინდობის გამო გემმა კურსი შეიცვალა და ბართინის პორტში შესვლას შეეცადა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინკუმუს რაიონში, სადაც გემი ჩაიძირა, ფრეგატი – სამხედრო გემი და სანაპირო დაცვის ვერტმფრენია გაგზავნილი. ეკიპაჟის სხვა წევრების გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.