ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მრავალათასიანი აქცია გამართეს
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა მრავალათასიანი დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ისეთი მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო გაერთიანება ANC იყო, რომელიც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას უჭერს მხარს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, დემონსტრაციაში 45 000 ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით – „რესპუბლიკა ახლა“.
კატალონიის პარლამენტმა გაურკვეველი დროით გადადო მთავრობის ახალი ხელმძღვანელის არჩევის პროცედურა მას შემდეგ, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, პატიმრობიდან კატალონიის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერის, ჟორდი სანჩესის გათავისუფლების შესახებ.