კვლავ დაუმარცხებელია ესპანეთის ჩემპიონატი ლიდერი “ბარსელონა”. პრიმერას მე-16 ტურში კატალონელებმა “კამპ ნოუზე” იოლად დაამარცხეს “დეპორტივო” – 4:0.
ეს შედეგი უზრუნველყვეს ლუის სუარესმა და პაულინიომ, რომლებმაც დუბლები შეასრულეს. გარდა ამისა, ლიონელ მესიმ 70-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
სამაგიეროდ, არგენტინელმა სუარესის პირველ გოლში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც, მას 2017 წელს 15 შედეგიანი პასი დაუგროვდა ესპანეთის ჩემპიონაში, რაც ამ ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება პაულინიოს, მას მიმდინარე სეზონში 6 გოლი ,2 საგოლე პასი აქვს და ლა ლიგას ნახევარმცველებს შორის პირველ ადგილზეა გოლების რაოდენობით, მეორეზე “გოლი+პასის” სისტემით. მასზე წინ არის მხოლოდ “ვალენსიას” ლიდერი გონსალო გედეში (3+8).
“ბარსელონა” 42 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერია. მის უახლოეს მდევარს – “ატლეტიკოს” 36 ქულა აქვს. მომდევნო ტურში კატალონელები სტუმრად ითამაშებენ “სუპერკლასიკოს” “რეალის” წინააღმდეგ.