ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს
საქართველოს პრეზიდენტი და შეწყალების კომისიის თავმჯდომარე დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, – ამის შესახებ პირველ არხს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, განცხადება შეეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელშიც ბრალდებული ვ.ბ. სასჯელს ოჯახური ძალადობისთვის იხდიდა და შსს-ს ინფორმაციით, პრეზიდენტის შეწყალებით საპატიმროდან რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.
მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 14 აპრილს დააკავა. დაკავებულს ბრალი გუშინ დაუმძიმდა. დღეს კი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროკურატურა სასამართლოს მიმართავს.
ვეფხია ბაქრაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი, დედასთან ერთად, პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.
მკვლელობისთვის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა.