ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა
ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით. აქამდე ბრალდებულის მიმართ საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით იყო აღძრული და საქმე გადაკვალიფიცირდა.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, ​მკვლელობისთვის დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, პარალელურ რეჟიმში ბრალს უყენებენ მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირსაც.

ვეფხია ბაქრაძისთვის ბრალის წარდგენას სახაზინო ადვოკატი ესწრება. პროკურატურა სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავა.

ამასთან, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მკვლელობა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მოხდა. ყოფილმა მამინაცვალმა ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, თაკო გამრეკელაშვილი დედასთან ერთად პოლიციაში იმყოფებოდა, სადაც მამინაცვლის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე განცხადება შეიტანეს. ეჭვმიტანილის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერიც გამოიცა.

მკვლელობისთის დაკავებული პირი, შსს-ს ინფორმაციით, ადრე ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ბრალდებით და ის პრეზიდენტის შეწყალებით რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი განცხადებას ხვალ გააკეთებს.