ბარელი ნედლი ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა
ბარელი ნედლი ნავთობის ფასი კვლავ შემცირდა

აშშ-ის „ვითიაის“ ტიპის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 24.43 აშშ დოლარი შეადგინა. 18 მარტს ბაზარზე არსებული მდგომარეობით, ბარელი ნავთობის ფასი 2.51 დოლარით შემცირდა.

მსგავსი დაბალი ფასი 2002 წლის შემდეგ პირველად აღინიშნა.

მსოფლიო ბაზარზე 1.39 დოლარით დაიკლო „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმაც და ბარელი „შავი ოქრო“ 27.34 დოლარად იყიდებოდა, თუმცა ფასმა მოგვიანებით 28.84 დოლარამდე მოიმატა. „ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობი 27 დოლარი ბოლოს 2003 წელს ღირდა.

ნავთობის ფასებზე ვარდნას კორონავირუსის გავრცელება, ასევე დღიური მოპოვების რაოდენობაზე რუსეთისა და საუდის არაბეთის უთანხმოება იწვევს.

გამოცემა „ეკონომიკ თაიმსი“ წერს, რომ ბოლო დროს, როდესაც ნავთობი მსგავს დაბალ ფასად იყიდებოდა, ჩინეთმა, როგორც მსოფლიო ეკონომიკამ, ზრდა დაიწყო, რის შემდეგაც, მომდევნო წლებში, მსოფლიოში ნავთობის მოხმარება რეკორდულად გაიზარდა.