ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მრჩეველს იანუკოვიჩის მთავრობასთან საქმიანი კავშირების გამო, შესაძლოა, ბრალი წაუყენონ
ბარაკ ობამას ადმინისტრაციის იურიდიულ მრჩეველს, გრეგორი კრეიგს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობასთან მისი საქმიანი კავშირების გამო შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ბრალი წაუყენონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ კრეიგის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში კრეიგის საქმიანობით სპეციალური პროკურორ რობერტ მიულერის გუნდი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში დაინტერესდნენ.
როგორც გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, 74 წლის გრეგორი კრეიგი, რომელიც ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციებში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა, დემოკრატიულ პარტიასთან დაკავშირებული პირველი პირი გახდება, რომელსაც მიულერის გამოძიების ფარგლებში ბრალს წაუყენებენ.
ამასთან, კრეიგი იქნება პირველი, ვისაც ბრალს გამოძიების დასრულების შემდეგ წაუყენებენ.
კრეიგის წინააღმდეგ მოსალოდნელი ბრალდებები ეხება 2012 წელს ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობისთვის მის ლობისტურ საქმიანობას. ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის კანონის (FARA) დარღვევაშია ეჭვმიტანილი. აშშ-ის კანონმდებლობით, ნებისმიერი პირი, რომელიც უცხოელი კლიენტებისთვის ლობისტურ სამუშაოს ასრულებს, უნდა დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად.
შეგახსენებთ, უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩისთვის ლობისტური სამუშაოსთვის და გადასახადების გადაუხდელობისთვის სასჯელს იხდის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი. მას საერთო ჯამში 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.