ბაქოს ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძარი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაჩნდა
ბაქოს რესპუბლიკურ ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძარი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაჩნდა. სააგენტო Trend.az-ის ინფორმაციოთ, ასეთია წინასწარი გამოძიების შედეგები.
შემთხვევის ადგილი უკვე მოინახულა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნის განკარგულება გასცა.
ხანძრის ზუსტ მიზეზებზე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ.
აზერბაიჯანის დედაქალაქის ხატაის რაიონში მდებარე ნარკოლოგიურ ცენტრში ხანძარი დაახლოებით დილის ექვს საათზე გაჩნდა. ცეცხლი დაწესებულების მეორე განყოფილებაში გავრცელდა, სადაც პაციენტები მკურნალობის კურსს სტაციონარში გადიოდნენ.
ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 25 ადამიანი. მაშველებმა 25 ადმიანის გადარჩენა შეძლეს, რომელთაგან სამი ჰოსპიტალიზებულია.