ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება
ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება

ბალტიის ზღვაში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო წვრთნები გაიმართება. საზღვაო მანევრების ამოცანაა რუსეთის სავარაუდო თავდასხმაზე ნატო-ს ძალების საპასუხო რეაქციის დამუშავება.

როგორც სააგენტო „როიტერთან“ საუბარში გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა, ამ წვრთნებით ნატო რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის.

„აგრესიის ეფექტური შეკავება ითვალისწინებს თავდასხმის შესაძლებლობასაც“, – განაცხადა ვიცე-ადმირალმა.

მისივე თქმით, სამხედრო წვრთნების უმთავრესი მიზანი საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები 100%-ით არიან დამოკიდებული ბალტიის ზღვაზე“, – აღნიშნა გერმანელმა სამხედრომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბალტიისპირეთის და პოლონეთის დამაკავშირებელი სუვალის დერეფნის ბლოკირების შემთხვევაში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მომარაგება მხოლოდ ბალტიის ზღვით იქნება შესაძლებელი.

მანევრებში, რომელიც 9 სექტემბერს დაიწყება, 30 ხომალდი და 3000 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ფინეთიდან, რომელიც ახლახან შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგებს, და შვედეთიდან, რომელიც ჯერ ნატო-ს წევრი არ არის.

წვრთნები ძირითადად ესტონეთისა და ლატვიის სანაპიროებთან წარიმართება.