ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონს დღეს ოფიციალურად გახსნის.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 29 კმ-იანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ისევე მოყვარულებისთვის.
2016 წელს ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა დამონტაჟდა, ატრაქციონი ფუნქციონირებს როგორც ზამთარში, ისევე ზაფხულში.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დამსვენებლებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრში განთავსებული საინფორმაციო ცენტრი კი, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. საინფორმაციო ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგსა და ა.შ.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, რომელიც როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სეზონზე მომხმარებელს მთის კურორტების შესახებ ამომწურავ ინფორმაცის აწვდის.