საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი გახსნა.
ზაფხულის სეზონის განმავლობაში დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 6 000-მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ისევე მოყვარული ველომრბოლელებისთვის. დამსვენებლებისათვის, ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა ფუნქციონირებს.
მათივე ცნობით, ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრში განთავსებული საინფორმაციო ცენტრი კი, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად, მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში.