ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება
ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურით და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება.

მშენებლობის დაწყების თაობაზე ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კოპანიამ“ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარიულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ გააფორმა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონალური კოორდინატორი ვალერი იაშინი და სხვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროების მშენებლობა და ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტ ბაკურიანს შემატებს ახალ სიცოცხლეს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულთათვის. ეს იქნება დამატებითი ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმჯობესებული სერვისებით მოემსახურება ვიზიტორების გაზრდილ რაოდენობას.

2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა ფედერაციის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე,  განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურით და სნოუბორდით

საქართველოსა და მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ საქმიანი ურთიერთობა დაიწყო 1984 წელს და დღემდე კომპანიას საქართველოს მასშტაბით 23 ინსტალაცია აქვს გაკეთებული, მათ შორის 19 სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ხოლო მსოფლიოში კი, 15 000-ზე მეტი მოქმედი ინსტალაცია. კომპანია „დოპელმაიერი“ მიიჩნევს, რომ საქართველო წარმოადგენს სამთო და ურბანული ტრანსპორტის განვითარების კუთხით რეგიონალურ ჰაბს და სწორედ ამიტომ გადაწყდა რეგიონული ოფისის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელიც აქტიურად მოემსახურება „დოპელმაიერის“ ყველა ინსტალაციას მარაგი ნაწილებითა და სერვისით.