ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობაზე ექვსი მილიონი ლარი დაიხარჯება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ექვს მილიონ ლარს სცდება.
მათივე ინფორმაციით, უკვე დასრულდა სამკილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.
გარდა შემოვლითი გზის მშენებლობისა მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი სამ კილომეტრამდე გზისა და დიდველზე ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები, შემოვლით გზასთან მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობა, ცენტრალური ბილიკისა და გზის მოწყობის სამუშაოები, ურბანული განახლებისა და რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი.
ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში 55 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.