ბაკურ კვაშილავა - გერმანიის კანცლერის ანგელა მარკელის მესიჯები ზოგადი იყო
პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერის ანგელა მარკელის მესიჯები იყო ზოგადი, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ მოიტანა.
„მთავარი გზავნილი იყო, რომ გერმანია არის საქართველოს მეგობარი, მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანა და მზად არის, გააგრძელოს ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოსთან აკავშირებს. ჩვენ ვერ დავინახეთ რამე მნიშვნელოვანი გარღვევა, რომელიც საფუძველს მოგვცემდა გვეფიქრა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები რაღაც ახალ საფეხურზე გადადის“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ყოფილიყო გზავნილები ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ევროკავშირში გაწევრიანების მიმართებით.
„რაც შეეხება, ოკუპაციის თემას, გერმანია ძველ პოზიციას ინარჩუნებს. უმჯობესი იქნებოდა, მერკელს მომავლის პერსპექტივებზე ესაუბრა“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.
პოლიტოლოგის თქმით, 10 წლის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება.
„ფაქტია, რომ ამ 10 წლის განმავლობაში გერმანიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძვრები არ არის. არაერთხელ აღინიშნა, რომ გერმანიის მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი იმაში, რომ საქართველოს ჰქონოდა ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანია ამ მოვლენების ინიციატორი არ ყოფილა, გერმანიამ უბრალოდ არ დაბლოკა საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება“, – განაცხადა ბაკურ კვაშილავამ.