ბაკურ აბულაძე - პროკურატურის მიერ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს კორუფციის პრევენცია, გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2020 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში კორუფციული ან კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მდგომარეობის გაანალიზებისა და კოორდინირებული, ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში შექმნილია სპეციალიზირებული საგამოძიებო დანაყოფი – კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო. აგრეთვე, კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიებას და სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებენ პროკურატურის ცენტრალური და რეგიონალური საგამოძიებო დანაყოფები.
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ კორუფციული დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედი ანტიკორუფციული საგამოძიებო დანაყოფები საქმიანობას ერთი სტრუქტურული ქოლგის ქვეშ განახორციელებენ. კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს სპეციალიზებული გამომძიებელი ეყოლება პროკურატურის ყველა საგამოძიებო დანაყოფში და მათი კოორდინირებული მართვა ცენტრალიზებულად განხორციელდება.
ბაკურ აბულაძის განცხადებით, ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წელს საქართველოს პროკურატურაში კორუფციასთან დაკავშირებულ 169 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ამავე პერიოდში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 67 პირის მიმართ. 2020 წელს კი, სასამართლო განაჩენი დადგა კორუფციულ დანაშაულში მხილებული 58 პირის მიმართ.
„პროკურატურის მიერ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა“, – აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი პოლიტიკის დანერგვა და ეფექტიანი აღსრულების მექანიზმის არსებობა. ამ მიზნით საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან, კოორდინაციას უწევს კორუფციასთან ბრძოლას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას. როგორც ბაკურ აბულაძემ აღნიშნა, ანალიტიკური მიმართულების გასაძლიერებლად, საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 14 აგვისტოს ბრძანებით, პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს დაევალათ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტის, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოსათვის. კორუფციის კუთხით ქვეყანაში არსებული ერთიანი სურათის ანალიზის შედეგად მოხდება რისკ-ფაქტორებისა და კორუფციული ინდიკატორების იდენტიფიცირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და ქმედითი პრევენციული მექანიზმების შემუშავება.
„მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო სექტორში კორუფციის პრევენციისა და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიმართულებითაც დაგეგმილია ქმედითი ღონისძიებების გატარება მამხილებელთა დაცვის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით“, – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.