ბახმუტის ვიცე-მერი - რუსეთისა და უკრაინის სამხედროები ქალაქის ქუჩებში ბრძოლას აგრძელებენ, მაგრამ რუსები ბახმუტს სრულად არ აკონტროლებენ
რუსეთისა და უკრაინის სამხედროები ქალაქ ბახმუტის ქუჩებში ბრძოლას აგრძელებენ, – ამის შესახებ ბახმუტის ვიცე-მერმა, ოლექსანდრ მარჩენკომ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ბახმუტის ვიცე-მერმა ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები ქალაქს სრულად არ აკონტროლებენ.
ოლექსანდრ მარჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ბახმუტში ამ დრომდე რჩება 4 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. მისი ინფორმაციით, მოქალაქეები თავშესაფრებში ცხოვრობენ და მათ არ აქვთ ბუნებრივი აირი და წყალი.
მარჩენკოს თქმით, ბახმუტში ყველა შენობა დანგრეულია და რუსებს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ, უკრაინელი ხალხის გენოციდი.
„ამჟამად ქალაქთან კომუნიკაცია გაწყვეტილია. ის გარესამყაროს მოწყდა. ყველა ხიდი დანგრეულია. რუსები ყველაფრის განადგურების ტაქტიკას მიმართავენ“, – განაცხადა მარჩენკომ.